ევროპული პერსპექტივა არ გაგვაჩნია - ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელი ბრიუსელის პოლიტიკურ გზავნილებს აცნობს
ევროპა შეშფოთებულია, საქართველომ ვერ გაამართლა ის იმედები, რაც დასავლეთს ჰქონდა- ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, განაცხადა.
,,ენმ" -ს წევრები, თინა ბოკუჩავა და ხატია დეკანოიძე, ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ ბრიუსელიდან, სადაც 2 დღის განმავლობაში ევროპარლამენტარებს ხვდებოდნენ.
ამ წუთებში გორის ჰოსპიტალში თინა ბოკუჩავა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შევიდა და მას დასავლეთის გზავნილებს გააცნობს.
თინა ბოკუჩავას თქმით, ბრიუსელში დეტალურ ინფორმაციას ფლობენ, როგორ ირღვევა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ის კადრებიც აქვთ ნანახი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანას ასახავს.
სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ განხიბვლა ხდება, რადგან საქართველომ ვერ და არ გაამართლა ის იმედები, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობდა. განსაკუთრებით ეს ეხება სასამართლო რეფორმის ჩავარდნას.
ყველა ევროპარლამენტარს, რომელსაც ჩვენ შევხვდით, ნანახი ჰქონდა ის ამაზრზენი კადრები, რაც საქართველოს მთავრობამ, ივანიშვილის რეჟიმმა გაავრცელა და ისინი არიან სრულიად აღშფოთებული და ძალიან განიცდიან, რამხელა ზიანი ადგება ამით ქვეყნის რეპუტაციასა და ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ასეთ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია. ეს სამწუხაროა და ამას ყველა აცნობიერებს ,,ოცნების" გარდა. - განუცხადა მედიას თინა ბოკუჩავამ.