ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მიმდინარეობს დაკვირვება
ჯანდაცვის მინისტრმა ინგოროყვას კლინიკაში ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, კვლავ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
მინისტრის თქმით, მათი გაწერა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა ექიმები დარწმუნდებიან, რომ ყველანაირი რისკი მოხსნილია.
პირველ რიგში, მინდა ისევ მწუხარება გამოვხატო ტრაგედიასთან დაკავშირებით და თანავუგრძნო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს, ჩვენ მომსწრე ვართ უზარმაზარი ტრაგედიის.
რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას - ნორმალურია, დამაკმაყოფილებელი, მიმდინარეობს დაკვირვება, რომ სადმე რამე არ გამოვლინდეს ისეთი, რასაც შეიძლება ყურადღება დასჭირდეს. მხარდაჭერილია ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს ამჟამად კლინიკაში. დიდი იმედი მაქვს, რომ არანაირი გართულება არ გამოვლინდება და ახლო მომავალში ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახებს, - განაცხადა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა იმ 31 წლის კაცის მდგოამრეობაზეც ისაუბრა, რომელმაც აფეთქების შედეგაd სხეულის 87 %-იანი დამწვრობა მიიღო და ახლა დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყველაფერს აკეთებენ ექიმები მის გადასარჩენად. ყველაფრით არის უზრუნველყოფილი. ახლა, ამ ყველაფრის გაკეთებაზე შეიძლება არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა. ვაკვირდებით, ყველაფერი უტარდება. დრო გვაჩვენებს, როგორი იქნება გამოსავალი, - ამბობს მინისტრი.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.