ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება რუსული დაკვეთაა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის, გიორგი ლორთქიფანიძისთვის, ბრალის წარდგენას ეხმაურება.
მისი თქმით, მაღალჩინოსნის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა პირდაპირ რუსეთის დაკვეთაა.
გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.
მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არც ერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს." - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ლორთქიფანიძემ, შეიმუშავა.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას შეხვდა და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.