„თუ ღარიბაშვილი ჩასვა ციხეში ივანიშვილმა, მდინარაძე საერთოდ არავინ არის ღარიბაშვილთან შედარებით“ - ეკა ბესელია

22.11.26 15:44
„თუ ღარიბაშვილი ჩასვა ციხეში ივანიშვილმა, მდინარაძე საერთოდ არავინ არის ღარიბაშვილთან შედარებით“ - ეკა ბესელია

მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას უკავშირებს. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის შეფასებით, მდინარაძემ ფინანსური ინტერესების გამო ივანიშვილის მიერ დაწესებულ ზღვარს გადააჭარბა, რასაც მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოჰყვა. ბესელია არ გამორიცხავს, რომ სუსის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მომავალში სხვა ზომებიც მიიღონ.

ეს ჩემთვის გასაკვირი საერთოდ არ არის. გასაკვირი ის იყო, როგორ შეიძლებოდა, სუსი ჩაებარებინათ ასეთი არასანდო და არასერიოზული ადამიანისთვის, როგორიც მდინარაძეა. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც კიდევ მოგვიანებით შეიძლება, მის წინააღმდეგ დაიწყოს. არაფერი გამორიცხული არ არის. თი ირაკლი ღარიბაშვილი ჩასვა ციხეში ივანიშვილმა და მას ისე ექცევა, როგორც ექცევა, მდინარაძე საერთოდ არავინ არ არის ღარიბაშვილთან შედარებით ივანიშვილისთვის. იოლად დახარბდებიან ხოლმე ამ ფინანსურ ინტერესს, ასე მოუვიდა მდინარაძეს, მან მონდომა ბევრი. ივანიშვილმა დაინახა, რომ მან გადააჭარბა იმ ზღვარს, რაც დაშვებულია და მან მიიღო ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილება მდინარაძის გაგდებით. აი, მაშინაც კი ველაპარაკებოდ ამის თაობაზე ივანიშვილს და სხვათაშორის, არა ზურგს უკან და არა ჩუმად, არამედ ღიად, - ამბობს ეკა ბესელია. 

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო დაცვა მოუხსნა. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

მდინარაძეს დაცვა 8 სექტემბრის განკარგულებით, საჭიროების შემთხვევაში, 2027 წლის 1 აგვისტომდე ჰქონდა დანიშნული. თუმცა, კობახიძის მიერ 20 ნოემბერს ხელმოწერილი ახალი განკარგულებით, ეს გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა.