„უცებ ამუშავდა მანქანა...“ - სინოდის წევრმა მეუფე იობს მხარდაჭერა გამოუცხადა და მაგინებლებს უპასუხა

22.11.26 22:52
„უცებ ამუშავდა მანქანა...“ - სინოდის წევრმა მეუფე იობს მხარდაჭერა გამოუცხადა და მაგინებლებს უპასუხა

მეუფე საბა ინწკირველი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ძალაუფლების დათმობა აღარ სურს. ქადაგებისას მღვდელმთავარი მეუფე იობის განცხადებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის გამო მის წინააღმდეგ „გაშავების მანქანა“ ამუშავდა.

მეუფე საბას თქმით, მიუღებელია, როდესაც სასულიერო პირის კრიტიკულ შეფასებებს მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან მყისიერად „ნაციონალობის“ იარლიყის მიკერება და შეურაცხყოფა მოჰყვება. მან ასევე გაიხსენა 2012 წლის მოვლენები და ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლაში მეუფე იობს დიდი წვლილი მიუძღვის.

 "როცა გვინდა ვამბობთ, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რადგან თუ ჩვენთვის მოსაწონ ხალხზეა გაკეთებული ეს განცხადება, მაშინ მოვიწონებთ და შევაქებთ - თუ არა, პირიქით. მაშინ ლანძღვას დავუწყებთ სასულიერო პირს. ალბათ მიხვდებით, რომ ეს ეხება მეუფე იობის მიერ გაკეთებულ შეფასებას თუ განცხადებას. ეს რა თქმა უნდა, მისი შეფასებებია, მისი დანახული, რისი უფლებაც მღვდელმთავარს აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი მრევლი, მეუფე იობის მრევლი არის იმ ქვეყნის შვილი, სადაც ის არის მღვდელმთავარი. მასთან მიდიან, საუბრობენ, უყურებს და აფასებს. მაგრამ, ვამბობთ ყოველთვის, რაც გვჭირდება ჩვენ - რაც არ ვიცით და არ გვისწავლია, რომ აზრის გამოთქმა შეიძლება იყოს ასე - შეიძლება ადამიანი არ დაეთანხმოს მის მოსაზრებას, შეიძლება ვიღაცები დაეთანხმნენ, რადგან მთავრობას აგინოს... გინებაზე და სიძულვილზე კი არ უნდა გვქონდეს აქცენტი გადატანილი...

უცებ ამუშავდა მეუფე იობის წინააღმდეგ მანქანა და ის დააბრალეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ არ არის. თურმე ნაციონალია მეუფე იობი - იმიტომ რომ რაღაცა თქვა. ეს არის ყველაზე მეტად გაშავება - თუ რაღაცა თქვა ადამიანმა ისეთი - ნაციონალია. 

მეუფე იობი იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი პირველი აღუდგა წინ ნაციონალურ მოძრაობას და მისი დიდი დამსახურებაა, რომ ის დღეს ხელისუფლებაში არის "ოცნება". გვახსოვს, როდესაც მცხეთაში ჩავიდა და მხარი დაუჭირა ღიად ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას. მაგრამ, დღეს ახლა იმიტომ რომ ადამიანი მოვიდა მთავრობაში - უნდათ, რომ ბოლომდე იყოს, რადგან ნახეს თურმე რა კარგი ყოფილა ძალაუფლების ქონა და სულ ითხოვ, აღარ გინდა სხვას დაუთმო... მათ შორის ჩვენც გვაქვს ეს, მღვდელმთავრებს - ძალაუფლებით ტკბობა... პირიქით რომ დაენახათ მეუფე იობის სიტყვები, რომ იქნებ რაღაც გამოსასწორებელი გვაქვს... 

ვინც მეუფე იობს აგინა იმიტომ, რომ აზრი არ მოეწონა მისი - მან ვინ შეურაცხყო?! ღმერთი - ქრისტეს მიერ საყვარელი. შეიძლება თქვენც არ მოგეწონოთ ჩემი რაღაც და გამაკრიტიკოთ, სიყვარულით მიმანიშნოთ... მაგრამ ჩვენ ვაგინოთ ერთმანეთს, ამის უფლება გვაქვს? ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა..." - ამბობს მეუფე საბა ინწკირველი ქადაგებისას.