პატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამე სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას "ქვეყნის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად" აფასებს.
მისივე თქმით, სასულიერო პირები და მრევლი ამ გადაწყვეტილებით მოხარულები არიან და ლოცულობენ, რომ მისი განხორციელება და ბოლომდე მიყვანა წარმატებით მოხდეს.
პატრიარქის თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორმხრივი ურთიერთობა და საუბრები როგორც სუროგაციის პრობლემაზე, ისე სხვა მიმდინარე საკითხებზე.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება საქართველოში სუროგაციის აკრძალვას. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა. ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების გამო. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ, წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ამას წინ უსწრებდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობაც, ამ პრობლემის თაობაზე ერთმანეთთან საუბარიც, ასევე სხვა მიმდინარე პრობლემებზეც. ძალიან მოხარული ვარ, თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა პატრიარქმა.
საქართველოში სუროგაცია აიკრძალება - გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.