ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე რუსეთის განცხადება მიუღებელია - საქართველოს საგარეო უწყება

11.12.21 11:36
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე რუსეთის განცხადება მიუღებელია - საქართველოს საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას,  2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეხება. 

ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. 

აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. 

ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები