მაჭავარიანი სისტემური კორუფციის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ოპოზიციის მხრიდან სისტემურ კორუფციაზე გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების მიერ გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებზე მიუთითებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი დღეს პლენარულ სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლებამ, პოლიტიკური რეპუტაციის დაზიანების მიუხედავად, არცერთი დანაშაული უპასუხოდ არ დატოვა. მისივე შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში მხილება ხელისუფლების პასუხისმგებლობისა და კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის დასტურია.
„რაც ბატონი ირაკლი კობახიძეა პრემიერი, გადავხედოთ, რა ნაბიჯები არის გადადგმული: შეიცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა, იმ დღესვე გახდა აბსოლუტურად ყველა სამთავრობო აქტი გამჭვირვალე, ჩამოყალიბდა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი და როგორი შეურიგებელი ბრძოლა გამოცხადდა კორუფციასთან და ვინ იხდიან დღეს სასჯელს? თქვენ რაც ჩამოთვალეთ, გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ სამარცხვინო დანაშაულები არის ის კორუფციული დანაშაულები, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან რომელი დარჩა უპასუხოდ? ჩვენთვის ხომ პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი იყო რა თემებიც ჩვენ გამოვიტანეთ გარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, ისე სუბიექტურად ჩვენ გვაწყობდა რომ მიგვეჩქმალა, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. აბსოლუტურად ყველაფერი გარეთ გამოვიტანეთ და ძალიან სერიოზული პოლიტიკური დარტყმები ავიტანეთ და ვინც დასასჯელი იყო ყველა დასჯილია და იხდის სასჯელს.
კორუფციასთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში, ეს გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის, თუმცა მთავარია როგორი მიდგომა აქვს სახელმწიფოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და როგორი დაუნდობელი მიდგომაც გვაქვს ჩვენი საქმით გვაქვს დამტკიცებული, იმიტომ რომ არაფრის არ მოგვერიდა და არაფრის არ შეგვეშინდა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მმართველი გუნდის დეპუტატმა ასევე უარყო ოპოზიციის ბრალდება აზარტული თამაშების წახალისებასთან დაკავშირებით.
„სახელმწიფო ახალისებს აზარტულ თამაშებსო, ეს მორიგი ტყუილია, ჩვენ ეს დარეგულირებული გვაქვს ძალიან მკაცრი კანონმდებლობით. ჩვენ რაც მივიღეთ ეს აბსოლუტურად განცალკევებული საკითხია, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ და თქვენც ესწრებოდით, უბრალოდ ამ შემთხვევაშიც თქვენ ცდილობთ, რომ ითამაშოთ ჩვენი მოქალაქეების ემოციით, ეს ასე არ შეიძლება, თქვენ პირდაპირ უნდა გაუსვათ ხაზი, თუ რას შეეხება ეს კანონი, ეს არის კონკრეტულ საერთაშორისო ტურნირებთან დაკავშირებული და იქაც სხვათა შორის იყო მსჯელობა. 70% იყო თავდაპირველი ჩანაწერი და მინიმუმ 70% უნდა ყოფილიყვნენ უცხოელები, რომ საერთაშორისო ტურნირის კვალიფიკაცია მინიჭებოდა. მსჯელობის შედეგად ჩვენ გავითვალისწინეთ და ჩაიწერა 80%, სადაც მაღალმსყიდველიანი ტურისტები უნდა ჩამობრძანდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ამ ყველაფერს საერთაშორისო ტურნირის კვალიფიკაცია და კარგი იქნება თუ სიმართლესაც გააჟღერებთ ხოლმე“ – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.