"ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებას აღარ ედავება

24.11.26 15:30
"ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებას აღარ ედავება

 

 

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებას აღარ ედავება  - ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გახდა ცნობილი. 

"ტყუილია, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას"- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის კითხვას, რომელიც ომის დაწყებაში ენმ-ს ბრალეულობას შეეხებოდა.

ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს სპეკულირება, რომ თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ამას ვამბობთ ხაზგასმით. რაც შეეხება რეზოლუციის მხარდაჭერას თუ არაერთ იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა იყენებდა და იყენებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ესენი არის ფაქტები, რომელიც შექმნეს ამ ძალის წარმომადგენლებმა“, - განაცხადა გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუჭირეს რეზოლუციას მხარი, რა მოცემულობასაც შემდეგ ოკუპანტი სახელმწიფო იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ. 

გორდულაძის პასუხის შემდეგ, ანა წითლიძე მას ჰკითხა, აბრალებდა თუ არა მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებას, რადგან იმ დროს სწორედ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. 

ანი წითლიძე: "საქართველოს ჩვენ ომს არ ვაბრალებთო, მივიღეთ ეს პასუხი და ბოლო კითხვა: სააკაშვილს თუ აბრალებთ, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი?

არჩილ გორდულაძე: ბატონო მოსამართლევ, ეს კითხვა საერთოდ არ შეეხება მიმდინარე სარჩელს და ვთხოვთ, რომ მოიხსნას.

ამის შემდეგ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ გორდულაძემ უკვე გასცა პასუხი კითხვას, აბრალებდა თუ არა მოსარჩელე მხარე საქართველოს ომის დაწყებას. შესაბამისად, წითლიძის შეკითხვა სააკაშვილის პასუხისმგებლობის შესახებ მოიხსნა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ასევე ჰკითხა, რომელ ქვეყანაში და რა მიზნით იყო გატანილი აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩამოვარდნილი კასეტური ბომბის, რუსული „ისკანდერის“ ნაწილები.

"ოცნება" წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში დავის დროს წარდგენილი არ ჰქონდათ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.

ანი წითლიძე: ისკანდერის“ ქურდობაში გვადანაშაულებს ქართული ოცნება და მე მინდა გკითხოთ, „რომელიღაც ქვეყნის სამხედრო ბაზაზე, ასე აკეთებთ ხოლმე თქვენ კომენტარებს, გვითხარით, რომელი ქვეყნის სამხედრო ბაზაზე იყო „ისკანდერი?“

თენგიზ შარმანაშვილი: არ გეტყვით... იმას კი არ გეტყვით რომელი ქვეყნის ბაზაზე იყო, სად იმყოფებოდა ეს მტკიცებულება, მაგას რომ არ ამხელდით, მაგას გეტყვით

არჩილ გორდულაძე: საქართველო დადგა რისკის წინაშე, რომ მას შეიძლება წაეგო დავა რუსეთის წინაშე. ახლა აქ კითხვებს ვერ შემოგვიბრუნებთ.

ანა წითლიძის თქმით, წინა ხელისუფლებამ ომის დროს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ პარტნიორ ქვეყანას - აშშ-ს გადასცა ექსპერტიზის ჩასატარებლად, რაც საჭირო იყო მტკიცებულებად წარსადგენად - ​„ამის მიღება-ჩაბარების აქტებიც არსებობს თავდაცვის სამინისტროში - ამიტომ გთხოვთ, გამოიკვლიოთ". 

მსგავსი სიახლეები