ლექსო ბურჭულაძე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს

25.11.26 13:21
ლექსო ბურჭულაძე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილის, ლექსო ბურჭულაძის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი იქნება როგორც პატიმრობაში მყოფი პირებისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. მისი თქმით, საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებამ შესაძლოა ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს, თუმცა პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოლოდინი არ აქვს. 

დღესდღეობით კიდევ მოვიაზრებით ჩვენ ევროკავშირის წევრობიოს კანდიდატად და ევროპარლამენტს, თუ რასაკვირველია, მიიღებენ ამ რეზოლუციას, იმედი მაქვს, რომ რაღაც ზეგავლენა ექნება დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებაზე. როდესაც ერთს მეორე დაედება, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და ეს ყველაფერი დაგროვდება, მანდ უკვე არის იმის შანსი, რომ რაღაც ზეგავლენამ იმოქმედოს, თორემ იმის ილუზია, რასაკვირველია, არ გამაჩნია, რომ "ქართული ოცნება" ხვალ ადგება და უცბად ყველას გამოუშვებს. 

არა მარტო პაატასთვის, ეს იქნება ყველა პოლიტპატიმრისთვის და ეს იქნება ზოგადად, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფორმით, დღეს როგორც ხდება დებატები და შემდეგ რეზოლუციის მიღება, ასეთი მკაცრი ტექსტი, მე, ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, რომ იქამდე ყოფილიყო, - ამბობს პაატა ბურჭულაძის შვილი ლექსო ბურჭულაძე. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები პაატა ბურჭულაძის საქმეს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. პროექტებში მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ ფინანსური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესება. ევროპარლამენტში დებატები დღეს, 25 ნოემბერს გაიმართება, კენჭისყრა კი 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.  

მსგავსი სიახლეები