"ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან" - ევროპარლამენტარი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
„ქართველ ოლიგარქებს 71 წლის პაატა ბურჭულაძის ხმის ეშინიათ, რადგან მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა“ — ამ განცხადებით გამოვიდა ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე.
ევროპარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პაატა ბურჭულაძე ავსტრიის მოქალაქეც არის, და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების სიმამაცეს, რომლებიც, განურჩევლად ასაკისა, ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამოდიან.
„ქართველ ოლიგარქებს პაატა ბურჭულაძის ხმის ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა. ის 71 წლის არის. სხვათა შორის, ის ასევე, ავსტრიის მოქალაქეც არის. საქართველოში ახალგაზრდებიც და ასაკოვანი მოსახლეობაც ქუჩებში გამოდიან, საქართველოსა და ევროპის დროშებს აფრიალებენ. ეს ამ ერის სიმამაცის დიდებული გამოვლინებაა“, — განაცხადა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა.
ბრანდშტეტერის თქმით, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთის გავლენაზე დაფუძნებული რეჟიმები გარდაუვლად სუსტდებიან და ეცემიან. მან კოლეგებს მოუწოდა რეზოლუციის მხარდაჭერისკენ და პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნისკენ.
„ჩვენ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან. ეს უკვე ვნახეთ უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში, სადაც მოსკოვის მარიონეტები ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ. ამიტომ, მოდით, მივიღოთ ეს რეზოლუცია და მოვითხოვოთ პაატას დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, — აღნიშნა ევროპარლამენტარმა.