გიორგი ზურაბაშვილმა პარტმუშაკივით ილაპარაკა - ნოდარ ხარშილაძე
ადამიანმა, რომელიც საჯარო მოხელეა და წესით სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, პარტმუშაკივით ილაპარაკა, - ასე აფასებს "სტრარტეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის შეხვედრას.
მისი თქმით, ზურაბაშვილმა ის კი არ თქვა, რომ რუსეთის მოქმედებები აზიანებენ საქართველოს, არამედ თქვა, რომ რუსეთის მოქმედებები აზიანებენ “ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას აძლევენ ენერგიას.
მთავარი პრობლემა არის ის, რა გააჟღერა მან, როდესაც არა როგორც საქართველოს წარმომადგენელმა ილაპარაკა, არამედ როგორც “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა. ანუ მან არ თქვა ის, რომ რუსეთის მოქმედებები აზიანებენ საქართველოს — აი, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. მან თქვა, რომ რუსეთის მოქმედებები აზიანებენ “ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას აძლევენ ენერგიას. ანუ ამ ადამიანმა, რომელიც საჯარო მოხელეა და წესით სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, თავისი პოზიცია არ დააფიქსირა საქართველოს კუთხიდან გამომდინარე, არამედ პარტმუშაკივით ილაპარაკა, - ამბობს ხარშილაძე.
მინსკში აცხადებენ, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.