სამადაშვილი: EU-ს წევრი ქვეყნების მსჯელობაში იანვარში, გადამწყვეტი იქნება, გააუქმებენ თუ არა პარტიებს საქართველოში

26.11.26 14:09
სამადაშვილი: EU-ს წევრი ქვეყნების მსჯელობაში იანვარში, გადამწყვეტი იქნება, გააუქმებენ თუ არა პარტიებს საქართველოში

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ იანვარში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსჯელობაში გადამწყვეტი იქნება, გააუქმებენ თუ არა დემოკრატიულ და პროევროპულ პარტიებს საქართველოში. 

მისი თქმით, თუ ივანიშვილის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ პარტიები გააუქმოს, ევროპარლამენტი აღარ იქნება ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ჩათვლის, რომ დრო არის უფრო ქმედითი ზეწოლა განხორციელდეს ივანიშვილის ხელისუფლებაზე.

შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იცით, რომ გეგმავენ მსჯელობას იანვარში საქართველოსთან მიმართებაში შესაბამის პოლიტიკაზე. და უნდა ვთქვა, რომ აქ მთავარი ალბათ გადამწყვეტი როლი იქნება სწორედ იმაზე, ასე ვთქვათ, დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გააუქმებენ თუ არა პარტიებს იანვრამდე. იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ყველა დემოკრატიული და პროევროპული პარტია აკრძალოს ქვეყანაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ევროპარლამენტი აღარ იქნება ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ჩათვლის, რომ დრო არის უფრო ქმედითი ზეწოლა განხორციელდეს ივანიშვილის ხელისუფლებაზე, - განაცხადა სამადაშვილმა.

ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, კენჭისყრის პროცედურა ადგილობრივი დროით 12:00 საათის შემდეგ, ხოლო თბილისის დროით 15:00 საათის შემდეგ არის ჩანიშნული.

რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გუშინ გაიმართა.