ევროპარლამენტმა 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა - პაპუაშვილი
ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გააკრიტიკა ევროპარლამენტი და მას საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია უწოდა - "სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის"
„შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირ ვერ გამოიყვანო ადამიანიდან“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა. ასე რომ, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე - რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ქართველ ხალხზე რომ ფაშისტურ განცხადებებს ადამიანი აკეთებს, საერთოდ იმასთან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს? გამომსვლელთა სიას რომ შეხედავთ, ნახავთ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომლებიც ახლა აქეთ გვესარჩლებიან. შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირ ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, თავისი შემადგენლობითაც კი რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის. ის, რომ არის საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, მგონი ფაქტია. გადავახვიოთ, ძველი კადრები ამოვიღოთ საბჭოთა კავშირის ყრილობებისა და ნახავთ, რომ ერთი-ერთში არის ესთეტიკაც და გვარები, სახელები, წარმომავლობა, ყველა ერთნაირი ხალხი არის, ვინც იქ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. პროექტს ევროპარლამენტარები კენჭს დღეს უყრიან.