მაღაროელების საქმე - პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახთან შსს-ს წარმომადგენელი ნამდვილად გაგზავნა

26.11.26 19:23
მაღაროელების საქმე - პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახთან შსს-ს წარმომადგენელი ნამდვილად გაგზავნა

პროკურატურა მსჯავრდადებულ 4 მაღაროელთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მსჯავრდებულებიდან ერთმა თავად გამოთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სურვილი.

რაც შეეხებათ დანარჩენ მსჯავრდებულებს, განცხადების თანახმად, მათი პოზიციის გარკვევის, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.

უწყების ცნობით, სურვილის შემთხვევაში, მათ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეუძლიათ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო.

კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენით, ორი პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განაჩენით.

მითითებულ საქმეზე ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა თავად გამოთქვა სურვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გარკვევის მიზნით, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, დახმარებისთვის მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს.

თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამის პარალელურად, გაირკვა, რომ მსჯავრდადებული მაღაროელის, გიორგი ნეფარიძის ოჯახი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ადოკატმა "რადიო-თავისუფლებას" უთხრა, მას შემდეგ, რაც ნეფარიძემ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, პოლიციელები მის მშობლებთან მივიდნენ და ქუთაისში, საქმის პროკურორთან შეხვედრა შესთავაზეს.

„ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, როდესაც მოხუცებულ მშობლებთან ჩადიხარ, პოლიციის თანამშრომლები ეკიპაჟით და ეუბნები, რომ პროკურორს შენი შვილის საქმეზე შენთან შეხვედრა უნდა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ანდრიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში ადვოკატებისთვის ცნობილი გახდა პროკურატურის ახალი შეთავაზების შესახებ. საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, ნეფარიძე დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ დამატებითი სასჯელისა და ჯარიმისგან გათავისუფლდებოდა და სასამართლო დარბაზიდანვე გაუშვებდნენ.

შეთანხმებაში მისი სხვა საქმეც უნდა გაერთიანებულიყო, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებას ეხება.

ანდრიაშვილის თქმით, ნეფარიძემ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ადვოკატის მონათხრობით, პოლიციელები ნეფარიძის მშობლებთან ქუთაისში მივიდნენ და საქმის პროკურორთან შეხვედრა შესთავაზეს. პოლიციელებმა მშობლებს უთხრეს, რომ მათი ავტომობილით წაყვანაც შეეძლოთ, თუ გადაადგილებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ.

ოთხი მაღაროელი უფროსზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 2025 წლის 29 აპრილს, ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. 

ოთხივე მათგანს სასამართლომ 20 იანვარს მიუსაჯა პატიმრობა: 

  • მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე;
  • გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე;
  • თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე;
  • არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.

მსგავსი სიახლეები