თურქული მედია: თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფჩიმ, ქართველ კოლეგასთან, სულხან თამაზაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საუბრის მთავარი თემა ბათუმში გამართულ საფეხბურთო მატჩზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის გამოყენების ფაქტი იყო.
როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა უეფას ევროპის ლიგის მეხუთე ტურის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტები განიხილეს, რომელშიც ერთმანეთს თურქული „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ უპირისპირდებოდნენ.
თურქული მედიის ცნობით, ჩიფჩიმ შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო და ქართულ მხარეს მოუწოდა, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ფანები თურქეთში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
სულხან თამაზაშვილმა კი თურქ კოლეგას განუმარტა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ. თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტების შემდეგ სტადიონზე თავისი მოადგილე გაგზავნა.