"ოცნებას" გამარჯვებას არავინ ეუბნება და რატომ ხდება ეგ, თუ ამ რეზოლუციებს ფასი არა აქვს? - ზურა ჯაფარიძე
"ოცნებას" გამარჯვებას არავინ ეუბნება და რატომ ხდება ეგ, თუ ამ რეზოლუციებს ფასი არა აქვს? - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" წერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ივანიშვილის გუნდის განცხადებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს ფასი არ აქვს.
ჯაფარიძე საუბრობს რეზოლუციის ტექსტში დამატებულ შესწორებაზეც, რომელშიც მოსამართლეების, პროკურორების და სამართალდამცველების სანქცირებაა მოთხოვნილი და ამბობს, რომ იმ ვითარებაში, როცა ქართული მართლმსაჯულება სრულად კონტროლდება ივანიშვილის და მისი პარტიის მიერ, არ არის გასაკვირი, რომ "დარტყმის ქვეშ ექცევიან მოსამართლეები და პროკურორებიც" და სწორედ ამის გამოძახილია რეზოლუციაში შეტანილი შესწორებაც.
„ამ რეზოლუციებს შეიძლება არ აქვს ეგრევე მყისიერი შედეგი, მაგრამ დოკუმენტირდება ბევრი სხვადასხვა რაღაცეები და ერთმანეთზე იწყობა და საბოლოო ჯამში, შემდეგ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები საკუთარ პოლიტიკას განსაზღვრავენ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით. თუ არა აქვს მაგას მნიშვნელობა, რატომ არიან ესეთ იზოლაციაში? რატომ ხდება, რომ ფაშინიანის და ალიევის გარდა ხელს არ ართმევს არავინ? ხანდახან არის, რომ ანბანის მიხედვით მოხვდებიან ხოლმე — საფრანგეთის მერე საქართველო ხდება ხოლმე — და მაკრონთან ახერხებენ ერთად კადრის გადაღებას. გამარჯობას არ ეუბნება არავინ და რატომ ხდება ეგ, თუ ამ რეზოლუციებს ფასი არა აქვს? მაგიტომ ხდება. სასამართლო არის ადგილი, სადაც უნდა გაირკვეს ტყუილი და მართალი. როდესაც სასამართლო არის მთლიანად ჯერ კლანის ხელში და ეს კლანი მთლიანად კონტროლდება შემდეგ ივანიშვილის ოჯახის მიერ, ეგ აჩენს სხვა ტიპის პრობლემას — ეგ ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ინსტიტუტი, სადაც შეიძლება ადამიანმა საკუთარი უფლება დაიცვას. ამიტომ ცხადია, დარტყმის ქვეშ ექცევიან მოსამართლეები და პროკურორებიც...“ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
- ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.