ფავლენიშვილი „ოპოზიციის ალიანსს“ 28 ნოემბრის აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ბანერებთან დაკავშირებულ ინციდენტს გამიზნულ პროვოკაციად აფასებს და „ოპოზიციის ალიანსისგან“ საჯარო განმარტებას ითხოვს.
პარტიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ალიანსის წევრებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ პოზიცია როგორც ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით გაშლილ ბანერზე, ისე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლის საკითხზე.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გუშინდელი დღისთვის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ორწლიანი ბოლშევიკური რეპრესიების მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა წინააღმდეგობა ვერ გატეხა და თუ ვინმე არის გატეხის პირას, ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ბოლო 2 წლის მანძილზე ერთმანეთს ესვრის, ერთმანეთს ასმენს, ერთმანეთს იჭერს.
რაც შეეხება გუშინდელი დღის ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, ეს ჩვენი ბრძოლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ შეიძლება ასეთ დიდ ეროვნულ თარიღებზე ხდებოდეს ასეთი მძიმე პროვოკაციები და ასე ხდებოდეს საპროტესტო საზოგადოების გათიშვა. ჩვენ გუშინ ვიხილეთ გამიზნული პროვოკაცია ბანერების სახით, გასაგები იყო, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულებულიყო.
მინდა, ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რაც მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება. თუ ასეა, უნდა განაცხადონ ღიად, რომ ეს იყო კონკრეტული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის ქმედება და ემიჯნებიან. ვგულისხმობ პოლიტიკურ ალიანსს და მის წევრებს, მათ უნდა თქვან ხაზგასმით, ემიჯნებიან თუ არა ასეთ პროვოკაციას, როდესაც საქართველოში ევროინტეგრაციის სიმბოლოდ ქცეული ადამიანი, მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ პუტინის პირად პატიმრად აღიარებული ადამიანი ამ ბანერის მეშვეობით ივანიშვილთან ერთ სიბრტყეზე მოათავსონ. ემიჯნებიან თუ არ ემიჯნებიან, ეს უნდა განაცხადონ ღიად. გარდა ამისა, მათ უნდა გააკეთონ განცხადება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ უნდა გამოვიდნენ და სიტყვით არ მიმართონ ადამიანებს, სადაც ბევრი იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე.
ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალური ლიდერი, წევრი, ათეულობით ადამიანი არის პატიმრობაში ამ ორწლიანი წინააღმდეგობის პროცესში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმეზე წინ ვართ, მაგრამ არავისზე უკან არ ვართ ამ წინააღმდეგობაში. ამ წინააღმდეგობაში უმნიშვნელოვანესი, ლომის წვლილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთავარ როლსაც ითამაშებს ამ რეჟიმის დემონტაჟში. ამიტომაც ასეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს დაშლასა და ივანიშვილის მთავარ მიზანს, ფრაგმენტაციას ოპოზიციაში, უნდა იყოს მკაფიოდ გამიჯნული, ვინ ეთანხმება, ვინ არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორებას ამ პროცესებიდან. ძალიან მკაფიო იქნება ეს ზღვარი, ვინ არის წინააღმდეგობაში და ვინ იბრძვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ვინ არის პირად ეგოებს აყოლილი და თამაშობს ივანიშვილის თამაშს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ყოფილან. ამასთან, დემონსტრაციაზე ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით გაშლილ ბანერს, წარწერით – „არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მომხდარი მოგვიანებით ოპოზიციურ პარტიებს შორის სოციალურ ქსელებში დისკუსიის საგანი გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ინციდენტი „ფედერალისტებს“ დაუკავშირა და „ოპოზიციის ალიანსისგან“ განმარტება მოითხოვა.
თავის მხრივ, „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ბანერებით პროტესტს მომავალშიც გამოხატავენ.