ზურაბიშვილის საახალწლო ზეიმი - ოპოზიციის ნაწილი მიღებას არ დაესწრება

16.12.21 13:42
ზურაბიშვილის საახალწლო ზეიმი - ოპოზიციის ნაწილი მიღებას არ დაესწრება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. საახალწლო ღონისძიებას ოპოზიციის ნაწილი დაესწრება. მოწვევაზე უარი განაცხადეს "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ"  და "დროამ".  შეხვედრას დაესწრება "სტრატეგია აღმაშენებელი", პარტია "საქართველოსთვის" და პარტია "მოქალაქეები".

მე ვაპირებ, დავესწრო პრეზიდენტის მიღებას, ოღონდ არ მივდივარ მიღების, ნაძვის ხის და შამპანურის გამო. მივდივარ, რომ პასუხი მივიღო მთავარ კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული თანხმობა მაშინ, როცა ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები", - ამბობს დავით ბაქრაძე. 

"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია, აპირებს, რომ საახალწლო მიღებაზე მივიდეს, თუმცა სააკაშვილის შეწყალებაზე არ ისაუბრებს. 

ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე სალომე ზურაბიშვილს დაველაპარაკები თუ არა სააკაშვილის შეწყალებაზე, ამასთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ადამაინია აზრის გამომთქმელი.  მე უფრო მინდა, ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომელიც საჯაროდ არ ხვდება დღის წესრიგში, მაგრამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ", - ამბობს იაგო ხვიჩია.

 "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე, საახალწლო მიღებაზე მისვლით აპირებს, რომ გაარკვიოს, რამდენად მზადაა ხელისუფლება ოპოზიციასთან  დიალოგის დასაწყებად.

თუ ვსაუბრობთ დიალოგზე და შერიგების აუცილელობაზე, თუ არ მივალთ და თუ არ ვისაუბრებთ, ვერც გავიგებთ, ეს რეალურია თუ პიარსვლაა", - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ნაძვის ხის ანთებაა, თუმცა ისინი, ვინც ათონელზე მისვლას გეგმავენ, პრეზიდენტს პოლიტიკურ კრიზისზე გაესაუბრებიან. შეხვედრაზე ასევე იქნება ,,ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

საზეიმო მიღება ათონელის რეზიდენციაში  7 საათზეა დაგეგმილი.  

 

მსგავსი სიახლეები