იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა
სამინისტროების ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში - იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარსდგა.
ყოველწლიური მოხსენება რატი ბრეგაძემ ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა ხელისუფლების ოპონენტები ბოიკოტის რეჟიმის გამო არაკონსტრუქციულებად მოიხსენია. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, იუსტიციის მინისტრს პირდაპირ მოსთხოვა, გაესაჯაროვებინა მიხეილ სააკაშვილის პირადი თანხმობა, რაც, უწყების ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18-ე დაწესებულებაში გადაყვანისთვის გასცა. სამადაშვილი დაინტერესდა, არსებობს თუ არა ეს დოკუმენტი. გარდა ამისა, რატი ბრეგაძეს მოუწევს ოპოზიციის იმ კითხვაზე პასუხსი გაცემა, ვინ გასცა სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ბრძანება.
თავის მოკლე გამოსვლაში რატი ბრეგაძეს ერთხელაც არ უხსენებია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული პროცესები იმის მიუხედავად, რომ ეს ამ წლის იუსტიციის სამინისტროს ყველაზე დიდი სკანდალი იყო.
პერსონალური კადრების გასაჯაროება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, რატომ დაარღვია იუსტიციის სამინიტრომ პატიმარი პრეზიდენტის უფლებები?! ოპოზიციის ამ კითხვებზე მოუწვეს დღეს პასუხების გაცემა რატი ბრეგაძეს.
ხმაურიან სხდომას არც ამჯერად ესწრება ,,ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.
ამ წუთებში მინსიტრის ყოველწლიური მოხსენება დასრულებულია და დეპუტატები კითხვა-პასუხის რეჟიმზე არიან გადასული.