პოლარიზაცია, არჩევნები, სასამართლო, 5 ივლისის მოვლენები – PACE-ის შეფასება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეონი და კლოდ კერნი 8-10 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, პოლარიზებულუ გარემოს გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდგომარეობა ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც თავის მხრივ საფრთხისშემცველია საქართველოს მიერ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესისათვის.
"ომხსენებლებმა ღრმა სინანული გამოთქვეს, რომ პარლამენტმა გააგრძელა უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა, მიუხედავად საერთაშორისო მეგობრების მოწოდებებისა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმის აუცილებლობას, რომლის ფუნქციონირება კვლავ დაბრკოლებად რჩება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებისთვის.
თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ მოუწოდეს განსაკუთრებით ორ უმსხვილეს პარტიას, ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეროვნული კეთილდღეობა ვიწრო პარტიულ-პოლიტიკური სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ", - ნათქვამია განცხადებაში.