კალანდაძეს ივანიშვილის ხუშტურების გამო არ დააკავებდნენ, ეს პირდაპირ რუსეთის დავალებაა - ქართველი სამხედროები
გიგი კალანდაძეს ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების გამო არ დააკავებდნენ, ეს პირდაპირ რუსეთის დავალებაა - ასე აფასებენ ქართველი სამხედროები გენერლის დაკავების ფაქტს.
მათი თქმით, გამოცდილი გენერლი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, რუსეთისთვის დიდი თავის ტკივილია, ამიტომ კალანდაძის დაკავებით, ოკუპანტი ქვეყანა ველს ისუფთავებს.
არანაირი სხვა მოსაზრება არ არსებობს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები და მთავრობა მოქმედებს რუსეთის დავალების გარეშე. ეს არის რუსეთის შეკვეთა, რადგან გენერალი კალანდაძე 2008 წელს იყო მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური. მისმა ქვედანაყოფმა საკმაოდ მძიმე დაზიანება მიაყენა რუსეთის 58-ე არმიას.
2012 წელს, როცა ,,ქართულმა ოცნებამ" გენერალ კალანდაძის პოლიტიკური დევნა დაიწყო, მოხდა მისი დაკავება. მას შემდეგ, რაც არაერთ სასამართლოზე გამართლდა, გენერალმა დატოვა საქართველო. ჩვენ ერთად წავედით უკრაინაში"- აცხადებს დავით მაყიშვილი.
კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო, ლაშა ჯიღლაძეც, დარწმუნებულია, რომ კალანდაძის დაკავების უკან რუსული ინტერესები დგას.
გიგი კალანდაძეს ბიძინა ივანიშვილის, კობახიძე-ვოლსკის ხუშტურების გამო არ დააკავებდნენ. ეს არის პირდაპირ რუსეთიდან წამოსული დავალება, რომ დასაჯონ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები. გმირებზე რეპრესიები გრძელდება, 2008 წელს, შეტაკებისას გიგი დაიჭრა და დაჭრილი ფეხით, ზემო ნიქოზიდან ძალიან ბევრი ჯარისკაცი გამოიყვანა, ეს ბევრმა სამხედრომ იცის და დაადასტურებს კიდეც"- თქვა ქართველმა სამხედრომ.
გენერალი კალანდაძე ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბერლინში შვილთან იმყოფებოდა, როცა მას ხელბორკილები დაადეს.
არსებული ინფორმაცით, დახურული ძებნა კალანდაძეზე საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა გამოცხადებული. ინტერპოლის ღია საძიებო სისტემაში კალანდაძე ძებნილების სიაში არ იყო.
გიგი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა. აგვისტოს ომის საბრძოლო ოპერაციის ერთ-ერთ მეთაურზე საქართველოში დაწყებული დევნის გამო ის წლების წინ უკრაინაში გაემგზავრა და მეგობარი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში რჩევებს აძლევდა. სწორედ ამის გამო მისცეს მას უკრაინის მოქალაქეობა.