მწამებელი სისტემა - აქცია "ოცნების" ოფისთან

24.01.22 21:30
მწამებელი სისტემა - აქცია "ოცნების" ოფისთან

ტვ პირველის მიერ გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება პოლიციელი შშმ პირს, მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. 

ისინი მოძალადე პოლიციელის დასჯას მოითხოვენ. 

"მწამებელი სისტემა" - წერია ბანერზე რომელიც აქტივისტებმა გაშალეს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პროტესტის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისიდან მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან.

უმძიმესი კადრები "ტვ პირველმა" რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. 

ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:

“რომ ავალაპარაკო ახლა?”.

ჩვენ გასაჯაროებულ ვიდეოში, ცემის ფაქტიც არის ასახული.