მხარდაჭერა უკრაინას - "ოცნება" და ოპოზიცია რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე მსჯელობენ
უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები გაიმართება. "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წევრებს შორის მსჯელობა დღეს შედგება.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის და მათი ოპონენტების გაერთიანება მოკავშირე ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში მნიშვნელოვანია. ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია.
იქნება რეზოლუცია, რომლის ტექსტზეც იმედია, შევთანხმდებით, სადაც ხაზგასმული იქნება კონკრეტული განცხადებები და მათ შორის, მითითებები საქართველოს ხელისუფლებაზე უკრაინის მხარდაჭერის ჭრილში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშველოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პარლამენტმა გამოხატონ მხარდაჭერა ამ ძალიან რთულ პერიოდში", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია, მიიჩნევს, რომ რეზოლუციის ტექსტი რუსეთის მიმართ მკაფიო და მკაცრ პოზიციებს უნდა შეიცავდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ითანამშრომლოს ბოლომდე ოპოზიციური სპექტრთან, რომ ეს იყოს საერთო ეროვნული კონსესუსი. რეზოლუციის შინაარსი უნდა იყოს ძალიან მკაფიო, უნდა იყოს ცალსახად მკაფიო და მკაცრი რუსეთის მიმართ და უნდა ძალიან ნათლად. უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს და უკრაინას, რომ ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
პარტია "საქართველოსთვის" რეზოლუციის ტექსტს უერთდება. კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ რეზოლუციის მიღება თვადაპირველად სწორედ მათი პარტიის იდეა იყო.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მიიღოს ჩვენი მოკავშირის, უკრაინის, მხარდამჭერი რეზოლუცია", - ამბობს კახა ქემოკლიძე.
რეზოლუციის მიღება პარლამენტში ამ თვეში ვერ მოხდება, რადგან საგაზაფხულო სესია საკანონმდებლო ორგანოში თებერვალშია დაგეგმილი.