სისტემური დანაშაული - გომელაური პოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემ შშმ პირის საქმეზე დუმს

25.01.22 12:22
სისტემური დანაშაული - გომელაური პოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემ შშმ პირის საქმეზე დუმს

შინაგან საქმეთა მინისტრი მისი უწყების თანამშრომლის მიერ 17 წლის შშმ პირის სასტიკად ცემის ფაქტზე დუმს - შემზარავი დანაშაულიდან 24 საათზე მეტია გასული, თუმცა ვახტანგ გომელაურს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სახეზეა სისტემური დანაშაული და მასზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა შსს-ს მინისტრმა უნდა აიღოს. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს. მათ შორის პრემიერ-მინისტრმა. მაგალითად, მიბრძანდნენ პარლამენტში და ახსნან, რითია ასეთი ფაქტები გამოწვეული. თქვან, რატომ თქვეს უარი იმ სისტემურ რეფორმებზე, რომელიც პოლიციაში მიმდინარეობდა. რატომ ახალისებენ ძალადობას, ან რა ხედვა აქვთ ამ ადამიანებს ძალადობის შემდგომი აღკვეთის და სისტემური განახლების მიმართულებით" - განაცხადა პარტიის "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის, განცხადებით, მსგავს ძალადობაზე საზოგადოებას უმწვავესი რეაქცია უნდა ჰქონდეს, რადგან დუმილი უფრო დიდი დანაშაულის წინაპირობა შეიძლება, გახდეს. 

"ლელოს" ლიდერი მოძალადე პოლიციელების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რომ 17 წლის ცემის საქმეზე დაკავებულებმა ადეკვატური სასჯელი მიიღონ. 

სისტემურ დანაშაულზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია. 

ძალადობა მათ შორის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილად იქცა. ეს პირდაპირ რეჟიმის პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, პირველივე რეაქცია არის რეჟიმის განაჩენი"- თქვა პოლიტიკოსმა. 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე  შსს-ს 2 თანამშრომელი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ დააკავეს. 

"პირველების" ინფორმაციით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი  ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი