ასეთი მინისტრი 5 წუთიც არ უნდა იყოს თანამდებობაზე - ხოშტარია გომელაურზე
მინისტრი, რომელის პირობებშიც ასეთი რამ ხდება 5 წუთი არ უნდა იყოს თანამდებობაზე - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც პოლიციელის მხრიდან შშმ პირის წამებას ასახავს.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე, მანკიერი სისტემა ვერ შეიცვლება:
ეს ისტორია, უბრალოდ, "ფეიბუქზე" რომ დაეწერა ვიღაცას და ვიდეო არ ყოფილიყო, მოხდებოდა ამ ფაქტის სრული იგნორირება და პოლიციელს არავინ არაფერს მოსთხოვდა. მინისტრი, რომელის პირობებშიც ასეთი რამ ხდება 5 წუთი არ უნდა იყოს თანამდებობაზე. ჩვენ ეს სისტემ, ეს ხელისუფლება მთლიანად თუ არ შევცვალეთ, ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ რომელიმე მინისტრს ცალკე მოვერევით და სიტუაციას ამით შევცვლით.
წულუკიანს რომ ვუყურებ, რომელიც თავის თანამშრომელს შეურაცხყოფს, ესეც კი გადამდებია პოლიციელისთვის, რომელიც გრძნობს, რომ - მას ზურგს უსამართლო სასამართლო, უსამართლო პროკურატურა უმაგრებს და როგორც უნდა ისე მოექცევა მოქალაქეს"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი.