რიგითი ინსპექტორის ქმედება იყო -,,ოცნება" სისტემურ დანაშაულს გამორიცხავს
17 წლის შშმ პირის წამება პოლიციელის მიერ - ,,ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, სისტემურ დანაშაულს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს იყო რიგითი ინსპექტორის ქმედება და არა ზემოდან მითითებული დავალება.
საქართველოში ეს არ არის სისტემური პრობლემა. რადგან მხოლოდ ერთეული რეციდივები გვაქვს. ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელია, იყოს ერთეული რეციდივები, როცა პოლიციელმა დაარღვია კანონი და იმოქმედა ადამიანზე, ერთეული ფაქტებია ეს. გამომდინარე იქიდან, რომ არის არა ზემოდან მითითებით, როგორც ახლა იკვეთება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილზე რიგითი ინსპექტორის ქმედება არის. - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი.