პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო - DRI
"პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო", - ამის შესახებ ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაცია გუშინ, 24 იანვარს მედიაში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, როგორც სცემს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს პოლიციელი.
"ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციის სისტემაში ბავშვის ინტერესების დაცვა და კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება არ ხდება. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო", - აღნიშნავენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.
ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაამზადოს პოლიციელები ბავშვთა დაცვის საკითხებში, ამასთან, არ იყოს ტოლერანტული სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.
ორგანიზაცია ასევე მიმართავს პარლამენტსაც, რომ პოლიციელად გახდომის კრიტერიუმებში ბავშვთა დაცვის საკითხების ცოდნის სავალდებულოობა კანონმდებლობაში ასახოს.
DRI მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს პოლიციის სისტემის რეფორმის გატარება ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.