ძალადობა შშმ პირზე - გახარიას გუნდი პრემიერსა და შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
პარტია ,,საქართველოსთვის" პარლამენტში პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს იბარებს- ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა, ნათი მეზვრიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიციელის მხრიდან შშმ პირის ცემამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადგილი აქვს სისტემურ დანაშაულს.
გვინდა, გამოვეხმაუროთ შშმ პირის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის ფაქტს, მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მყისიერ რეაგირებას, თუმცა, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ შს მინისტრის, პრემიერ მინისტრის და ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში სისტემურად შემდეგ მიზეზთა გამო:
2018 წელს დავიწყეთ სისტემური განახლება შსს-ში, რომლის მიზანი გახლდათ საპოლიციო მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება და სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულებების აღმოფხვრა. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. ამ მიზნით დაიწყო საგამოძიებო სისტემის რეფორმირება. გამკაცრდა პოლიტიკა ძალადობის ჩამდენი პოლიციელების მიმართ...
სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი გაჩერებულია. ამ დეპარტამენტის გაძლიერება არ მომხდარა. საგამოძიებო სისტემის რეფორმა შეჩერდა, ამიტომ ვიბარებთ პარლამენტში შს მინისტრსა და პრემიერ მინისტრს იმისთვის, რომ საზოგადოებას აუხსნან და გასცენ შესაბამის კითხვებს პასუხი - განაცხადა ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა.
პოლიციელის ძალადობა შშმ პირზე - შემზარავი კადრები "ტვ პირველმა" გუშინ გაავრცელა.
კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:
“რომ ავალაპარაკო ახლა?” და აგრძელებს მოქალაქის ცემას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო.