დანაშაული იმდენად შესაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს - გია ვოლსკი
პოლიციელის მიერ შშმ პირზე განხორციელებულ ძალადობისა და წამების ფაქტს ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე, გია ვოლსკი, ეხმიანება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ვოლსკი, მიიჩნევს, რომ დანაშაული პოლიციელმა განზრახ ჩაიდინა და დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ნიშანდობლივი არ არის ისეთი სახის ქმედება.
გარდა ამისა, ,,ქართული ოცნების" წევრი აცხადებს, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ის ,,სექტა" მონაწილეობდა, ვინც თავის დროზე მხარს უჭერდა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გამოცხადებულ სადიზმს.
ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია!
პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს. - წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.
"დასრულდეს მწამებელი და დამნაშავე სისტემა"- ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს.
ადგილზე შეკრებილებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით - "მწამებელი სისტემა" "სისტემა ყარს", "გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია", "რომ არ იყო შემდეგი, შეცვალე ხელისუფლება".
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, 17 წლის შშმ პირზე დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი.