მიიღებს თუ არა პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას - კონსულტაციები ოპოზიციასთან

26.01.22 11:50
მიიღებს თუ არა პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას - კონსულტაციები ოპოზიციასთან

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები გაიმართება. "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წევრებს შორის მსჯელობა დღეს მამუკა მდინარაძის კაბინეტში შედგება.  დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, შეჯერდებიან თუ არა რეზოლუციის ერთობლივი ტექსტზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი. 

მნიშვნელოვანია, მხარი დვაუჭიროთ უკრაინას და დავგმოთ რუსეთის აგრესია. შეხვედრას ველოდებით და კიდევ ერთხელ მინდა, იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ, დავაახლოვოთ პრინციპული პოზიციები", - ამბობს "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია.

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ოპოზიციასთან ერთობლივი  ტექსტის შეჯერება მოხდება. 

ტექსტი, რომელზეც უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება, იქნება ყველა მხარისთვის მისაღები, ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ, როგორც მმართველი გუნდი, ამ ტექსტის კუთხით, რომ მაქსიმალურად ყველა მიმართულება გათვალსიწინებული იქნეს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შეუვალობასთან და აგრესიის დაუშვებლობასთან არის დაკავშირებული. მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულია ყველა ის ნაბიჯი, რომ რაც შეიძლება, სწრაფად განხორციელდეს ამ რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება", - ამბობს გივი მიქანაძე. 

რეზოლუციის მიღება პარლამენტში ამ თვეში  ვერ მოხდება, რადგან საგაზაფხულო სესია საკანონმდებლო ორგანოში თებერვალშია დაგეგმილი.