მწვანე სტატუსის მინიჭება ტესტით დადასტურების გარეშე - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

26.01.22 13:24
მწვანე სტატუსის მინიჭება ტესტით დადასტურების გარეშე - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირებები არ შეჩერდება, - ამის შესახებ  ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, სამინისტრო  შეიმუშავებს სხვადასხვა მექანიზმებს იმის დასადასტურებლად, რომ პირს, რომელსაც ინფიცირების დროს ტესტი არ ჩაუტარებია, ნამდვილად ჰქონდა კოვიდი.

"ომიკრონს" აქვს სწრაფი გავრცელება და გადადება, იმ შემთხვევაში, თუ აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, რომ ყველა მივიდეს და ტესტირება გაიკეთოს, თუ სურვილი აქვთ, მივიდნენ, უბრალოდ ამ ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის კომენტარი.

 არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება, გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება, გადამოწმება,“- განაცხადა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებამ ტესტირებების შეჩერების შესახებ გაუგებრობა გამოიწვია. უწყებამ მოგვიანებით განმარტა, რომ ტესტირებები არ შეჩერდება. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის   17 530  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა  39 პაციენტი.