ხელისუფლებას კონიუქტურის განცდაც კი არ ეყო, რომ რუსეთი ეხსენებინა - გიგა ბოკერია

27.01.22 13:43
ხელისუფლებას კონიუქტურის განცდაც კი არ ეყო, რომ რუსეთი ეხსენებინა - გიგა ბოკერია

უკრაინის საელჩოში ,,ევროპული საქართველოს" ლიდერები მივიდნენ. ისინი ელჩს შეხვდნენ, რათა დაადასტურონ საკუთარი მხარდაჭერა მეგობარი სახელმწიფოს მიმართ და მიიღონ ინფორმაცია, რა ხდება უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების საკითხზე. 

,,ევროპული საქართველოს" წევრები აპირებენ, უკრაინის ელჩს ესაუბრონ ,,ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ, რაც გამოიხატება მმართველი პარტიის რეზოლუციით, სადაც რუსეთი არც ერთხელ ნახსენები არ არის. 

ყველა ნორმალური პოლიტიკური ძალის ინტერესია კომუნიკაცია ამ დროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, უკრაინასთან, რომელიც განსაცდელშია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრებულია იმ სირცხვილით, რაც გვაჭამა ჩვენმა მთავრობამ ყველას თვალში. ამას ვერ გამოასწორებს ოპოზიციის აქტიურობა, სანამ მთავრობას არ გამოვცვლით. სანამ არ გამოვცვლით ამ სამარცხვინო გაუგებრობას, ბუნებრივია, ჩვენი ხმა მაინც უნდა გავაგონოთ. საქართველოს ხელისუფლებას კონიუქტურის განცდაც კი ვერ ეყო, რომ რუსეთი ეხსენებინათ. - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

,,ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ან ხელისუფლება უნდა აიძულონ, მისი ტექსტი შეაცვლევინონ, ან ალტერნატიული რეზოლუცია მიიღონ, რაც რეალობას ასახავს და მასში რუსეთზე, როგორც აგრესორზე იქნება საუბარი. მანამდე კი ხელისუფლების ოპონენტები აპირებენ, შეხვდნენ უკრაინის ელჩს და აღნიშნული საკითხებზე ესაუბრონ.

ეს შეხვედრები დაგეგმილია მას შემდეგ, რაც დასრულდება ,,ევროპული საქართველოს" ლიდერების შეხვედრა უკრაინის საელჩოში.