უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუცია - "დროა" პარტიებს ხელმოწერას სთავაზობს

28.01.22 11:35
უკრაინის მხარდამჭერი  ალტერნატიული რეზოლუცია - "დროა" პარტიებს ხელმოწერას სთავაზობს

პარტია "დროა" მათ მიერ შემუშავებულ უკრაინის მხარდამჭერ ალტერნატიულ რეზოლუციას აქვეყნებს და პოლიტიკურ პარტიებს მასზე ხელმოწერას სთავაზობს. თუ "დროას" მიერ გამოქვეყნებული პეტიცია 10 ათას ხელმოწერას შეაგროვებს, დოკუმენტი პარლამენტში დარეგისტრირდება და მმართველი პარტია იძულებული გახდება, განიხილოს დოკუმენტი, სადაც რუსული სამხედრო აგრესია მკაფიოდ არის დაგმობილი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია საქართველოს საგარეო კურსს აზიანებს.

მთელი პრობლემა "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებული რეზოლუციის გახლავთ ის, რომ იქ ქართველი ხალხის სრულიად ერთმნიშვნელოვანი პოზიცია განსხვავდება "ქართული ოცნების" მთავრობის პოზიციისაგან. ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ  ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის აღიარებულ კურსს - ნატოსკენ და ევროკავშირისაკენ. ჩვენ ამიტომ არ ვიღებთ ამ რეზოლუციას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა", - ამბობს ნუგზარ წიკლაური. 

"ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ რეზოლუციის მიღებაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავად ჩავიდეს კიევში და გამოხატოს მხარდაჭერა. 

ამ სიტუაციაში საქართველოს სასიცოცხლო ინტერესია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის,  პრემიერ-მინისტრის დონეზე, იმისათვის, რომ  მოხდეს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხის აქტუალიზაცია, აუცილებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს კიევში", - ამბობს გიორგი კანდელაკი. 

მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინაზე რეზოლუციის ერთობლივად მიღებას აპირებდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. საბოლოოდ, ,,ქართულმა ოცნებამ" მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.