რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენში თხრილების გავლება დაიწყეს
რუსული სპეცტექნიკა სოფელ ჯარიაშენში გამოჩნდა. საოკუპაციო რეჟიმმა 5 კილომეტრის სიგრძეზე თხრილების გავლება დაიწყო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კუთვნილი კიდევ რამდენიმე ჰექტარი დამატებით მოექცა. თხრილები სოფლის სასაფლაოდან 20 მეტრში გადის.
თხრილების შემდეგ, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები მავთულხკართებს გაავლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით ქართული მიწები, მათ შორის, სახნავ-სათესი ფართი და სასაფლაო მოექცევა.
ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართავს.
ბუნებრივია, მოსახლეობა შეშინებულია, ეს შიში არის. ადრე აქ პირობითი საზღვარი იყო, ახლა ტრანშეებს ხედავთ. ოკუპანტები გადმოდიან, ბევრი წაუყვანიათ სოფლიდან. მოსახლეობა არ ტოვებს ამ ნაკვეთებს და ამუშავებს, მაგრამ შიშით. ხელსიუფლებიდან არავინ მინახავს, რომ მოსულიყო და დაინტერსესებულიყო. რომც მოვიდნენ, რა უნდა ქნან? - აცხადებს სოფელ ჯარიაშენის მკვიდრი.
სოფელ ჯარიაშენში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე დააყენებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპანტები საქართველოს მიერ კონტროლირებად მიწებს ითვისებენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართულ სოფლებში, კირბალსა და მეჯვრისხევში, ე.წ. ნიშნულები გაავლეს.