ჯაფარიძე, ხოშტარია, ნათელაშვილი - შეუწყვიტავს თუ არა "ოცნება" მანდატს ოპოზიციონერ დეპუტატებს
პარლამენტი სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალიდან იმსჯელებს. "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მანდატი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამო უნდა შეუწყვიტონ, ხოლო ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს "ქართული ოცნება" სხდომების გაცდენების გამო სჯის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "დროას" და ლეიბორისტული პარტიების" ლიდერებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რაც შეეება ბადრი ჯაფარიძეს, ის ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" მისთვის მანდატი შესაწყვეტად სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია. მისი თქმით, ხელისუფლება ამ გზით პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებას ცდილობს.
სამართლებრივად არ არსებობს საფუძველი მანდატის ან უფლებამოსილების შეწყვეტის თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს არის "ქართული ოცნების" გადასაწყვეტი რას აირჩევენ. თუკი იქნება გადაწყვეტილება მიღებული მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს იქნება ჩემთვის პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, - თქვა ჯაფარიძემ.
მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ დეპუტატები სხდომებს არასაპატიო მიზეზებით აცდენდნენ.
განვიხილავთ პარლამენტის იმ წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებს, რომლებმაც გააცდინეს ნახევარზე მეტი სესია ან რომელთა მიმართაც ძალაშ შესულია გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, თქვენ იცით, რომ მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც რეგლამენტის შესაბამისად, გახლავთ იმის საფუძველი, რომ უნდა ვიმსჯელოთ უფლებამოსილების შეწყვეტაზე, - თქვა მმართელი გუნდის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.