ჯაფარიძე, ხოშტარია, ნათელაშვილი - პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს იმსჯელებს
პარლამენტმა დღეს სამი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე უნდა იმსჯელოს. საუბარია, "ლელოს", "დროას" და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებზე. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ბადრი ჯაფარიძეს მანდატი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამო უნდა შეუწყვიტონ, ხოლო ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს "ქართული ოცნება" სხდომების გაცდენების გამო სჯის.
რეგლამენტის შესაბამისად თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტს აცდენს არასაპატიო მიზეზით, ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ხოშტარია, ნათელაშვილის შემთხვევაში შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ესენი საერთოდ არ დადიოდნენ არამც თუ ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს შემტხვევას. ასევე, არის მითითება რეგლამენტში და კონსტიტუციაში, რომ თუ პარლამენტის წევრის მიმართ ადგება გამამტყუნებელი განაჩენის, ესეც არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, - ამბობს მმართველი გუნდის წევრი, გურამ მაჭარაშვილი.
"ლელოს" ლიდერის განცხადებით, თუკი "ქართული ოცნება" მას სადეპუტატო მანდატს შეუწყვეტს, ეს მის მიმართ ახალი პოლიტიკური დევნის ტალღა იქნება.
არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ უფლებამოსილება იქნეს შეწყვეტილი. შესაბამისად, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული "ქართული ოცნების" მიერ, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა. ამიტომ, დაველოდოთ ჩვენ გადაწყვეტილებას. არსებობს მიუკერძოებელი, ობიექტური იურისტების დასკვნა, რომელიც მათ მიაწოდეს საპროცედურო კომიტეტს, სადაც ჩანს პირსდაპირ, რომ საფუძველი მანდატის და უფლებამოსილების შეწყვეტისთვის არ არსებობს, - თქვა ჯაფარიძემ.