"მიდის საუბარი, ღარიბაშვილის გამოცვლაზეც" - ოპოზიცია მოსალოდნელ ცვლილებებს ფასადურს უწოდებს

07.02.22 13:46
"მიდის საუბარი,  ღარიბაშვილის გამოცვლაზეც" - ოპოზიცია მოსალოდნელ ცვლილებებს ფასადურს უწოდებს

მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები -  ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ერთი მინისტრის მეორეთი ჩანაცვლება, ხალხის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეცვლის და ის მხოლოდ ფასადური იქნება. 

მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუმუნებულები არიან, რომ ყველა გადაწყვეტილება ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იქნება ა სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ სად და როდის წავა. 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა არც იმას გამორიცხავს, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილსაც დაატოვებინონ თანამდებობა: 

სამთავრობო ცვლილებების პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, არანაირი საკადრო პოლიტიკა არ არსებობს, რომელიც ადამიანების კომპეტენციით, პროფესიონალიზმით ან ქვეყნის ინტერესით არის განსაზღვრული. როგორც წესი, ეს არის ხოლმე, შიდა ომები და ლოიალობის საკითხები ივანიშვილის მიმართ. მათ შორის ამ ნიშნით არჩევს და ცვლის ის პრემიერ-მინისტრბს. 

დიდი ხანია მიდის საუბარი, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის გამოცვლაზეც, და არც გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. 

 გახარიას გუნდში ამბობენ, რომ სამთავრობო ცვლილებებით, ქვეყნისთვის და მოსახლეობებისთვის არაფერი იცვლება. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, "ამ გადაადგილებით ჯამი არ იცვლება". 

მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ცვლილებები, ან ვინ-ვის შეცვლის, ეს უკვე არსებითი აღარ არის. მნიშვნელოვანი აღარ არის მარტივი მიზეზის გამო - უბრალოდ შედეგი არ იცვლება. რეალურად, მოქალაქისთვის არაფერი სასიკეთო არ ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ამ გადაადგილებით, ჯამი არ იცვლება"- განუცხადა "პირველებს" დაუშვილმა. 

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი როგორც უნდა ყველას ისე ნიშნავს და ხსნის".

"ოცნებამ მმართველობის მეათე წელს მიაღწია იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მინისტრი" - თქვა მან. 

როგორც ყოველთვის, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებენ მმართველ გუნდში. 

შესაძლო საკადრო ცვლილებებზე, რაზეც კითხვას მისვამთ,  არ მაქვს ინფორმაცია. შესაბამისად, არ ვადასტურებ. 

"პირველების" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იცვლება ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრი,  არ არის გამორიცხული ღარიბაშვილმა სახლში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც გაუშვან.