ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა - ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ხაზარაძის თქმით, ამგვარი მეთოდებით "ქართული ოცნება" მათ ვერ შეაშინებთ და ვერც ქართული საქმის კეთებაში შეუშლით ხელს.
დღევანდელი საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის ოცნების მიერ, ნუთუ ვერ ხვდებით რომ ასეთი მეთოდებით ვერც გაგვაჩერებთ და ვერც ხელს შეგვიშლით ქართული საქმის კეთებაში, რომელიც თქვენ არ გამოგდით,
ბრძოლა გრძელდება, - წერს ხაზარაძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "ლელოს" ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. "ოცნება" ბადრი ჯაფარიძეს მანდატს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოტივით უწყვეტს.
საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს, იმისთვის, რომ ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყდეს, 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.