"ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიციური პარტიები დაიმონოს - კალაძე უგულავას ინიციატივაზე

08.02.22 13:52
"ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიციური პარტიები დაიმონოს - კალაძე უგულავას ინიციატივაზე

გიგი უგულავას ინიციტივას, რომელიც ოპოზიციური პარტიების "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებას გულისხმობს, "ქართულ ოცნებაში" ცინიზმით შეხვდნენ. დედაქალაქის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, რადგან კარგად ახსოვთ, რა მოუტანა მათ ენმ-ს ტყვეობაში ყოფნამ. 

მე მგონია, ეს მწარე გამოცდილება ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა, როდესაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში მოხვდნენ. და რა მიიღეს ამით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავზე იწვნია. ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, თუ როგო უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტიები, მათი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.   ხომ გვაქხსოვს ეს ყველაფერი? აგერ ელისაშვილის პარტიის მაგალითი, რა უქნეს ბიჭს? უბრალოდ გაანადგურეს ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს და დღეს თითონ შებრძანდნენ პარლამენტში, - თქვა კალაძემ. 

გიგი უგულავა ოპოზიციის ახალი გაერთიანების შექმნას აანონსებს. ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ყველა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, თუმცა  ყველაზე დიდ პარტიაში საკუთარი პოლიტიკური იდენტობა არ უნდნა დაკარგონ.

"გაერთიანება ერთადერთი შანსია, დაქსაქსულ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლია"-  ფიქრობს უგულავა.