ანზორ ჩუბინიძე სააკაშვილის პროცესზე: ჩვენებას არ მივცემ

09.02.22 12:07
ანზორ ჩუბინიძე სააკაშვილის პროცესზე: ჩვენებას არ მივცემ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ე.წ. პიჯაკების სამეზე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ საქმის შესახებ არაფერი იცის, რადგან ბრალდება 2009-13 წლამდე პერიოდს ეხება, ის კი სდსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს. 

ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ ის საპროცესოს კოდექსის მე-15 მუხლით სარგებლობს, რადგან მისი თქმით,  ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც სასამართლოზე იტყვის, დაცვის მხარემ შესაძლოა ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენოს. 

ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით.  ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდში მე სამსახურის ხელმძღვანელი არ ვიყავი და ამ საქმესთანაც არანაირი შეხება არ მქონდა. ვფიქრობ, რომ თავად ბრალდებულები და მისი ადვოკატები გაცილებით კარგად წარმოადგენენ, თუ რატომ და რისთვის იხარჯებოდა თანხები.

ასევე განვმარტავ, რაც საჯაროდაც არის ცნობილი - გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როცა უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს.

დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შეძლება ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში. მინდა ვისარგებლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, რომელიც მაძლევს საშუალებას უარი განვაცხადო ჩვენების მიცემაზე სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას რამდენიმე თვეა ითხოვენ. 

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.