თქვენ დაადასტურეთ, რომ ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო - დეკანოიძე პაპუაშვილს

17.02.22 13:17
თქვენ  დაადასტურეთ, რომ ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო - დეკანოიძე პაპუაშვილს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით,  ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. ამის შესახებ დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე მიმართა. 

საქმე ეხება  კობახიძის  განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძის მხრიდან "ბრალის აღიარების" შემთხვევაში, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება განსხვავებული იქნებოდა. 

არ შემიძლია, ბატონი კობახიძის განცხადებას არ გავუსვა ხაზი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ჯაფარიძე აღიარებდა დანაშაულს, მანდატი არ შეუწყდებოდა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი ძალიან აშკარა და ღია მაგალითი. წარმოუდგენელია, ისეთი მტკიცებულება წარმოადგინოს პარტიის ლიდერმა, როდესაც პირდაპირ ღიად ამას ამბობს ჩვენი კოლეგის და მიმართ. სამწუხაროა, რომ ყველამ ერთად თქვენ დაადასტურეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ხმა მიეცით ბატონი ბადრისთვის მანდატის ჩამორთმევას", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის შესახებ განაცახდა, რომ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში გადაწყვეტილება მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა. შეგახსენებთ, "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, დეპუტატის მანდატი შეუჩერდა.