საქართველო ჟურნალისტებისთვის ძალიან საშიში ქვეყანაა - ნოდარ მელაძე
"დღეს, საქართველო ჟურნალისტებისთვის ძალიან საშიში ქვეყანაა, ეს ქვეყანა არ არის უსაფრთხო მედიისთვის"- ამის შესახებ "ანა ახალაიას დღის ამბებში" სტუმრობისას "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ისაუბრა. ტელეწამყვანი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პუტინის რეჟიმის გზას დაადგა:
დღეს, საქართველო ჟურნალისტებისთვის ძალიან საშიში ქვეყანაა, ეს ქვეყანა არ არის უსაფრთხო მედიისთვის, აქ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ჟურნალისტები იმყოფებიან, რომელთა საქმიანობაც ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც ერთი ნაბიჯი აკლია, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებები და მკვლელობები დაიწყოს. ამას ვხედავდით პუტინის რუსეთში, სადაც მედიის წარმომადგენლებს იტაცებდნენ და ისინი უკვალოდ ქრებოდნენ"- განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკული მედია დისკომფორტს უქმნის, შეტევის ახალ ფაზაში გადავიდა. არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა "ტვ პირველის" ეთერში "შაბათის ეთერის" მორიგი სკანდალური რეპორტაჟიც დაანონსა და განაცხადა, რომ 19 თებერვალს "შაბათის" მაყურბელი "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ჩადენილი "ყაჩაღობის" შესახებ მომზადებულ მორიგ რეპორტაჟს იხილავს:
დღეს, რეალური ამბავი საზოგადოებამდე კრიტიკულ მედიას მიაქვს. რომ არ არსებობდეს ეს ოთხი ძირითადი ტელევიზია, და ძალიან მნიშვნელოვანი ონლაინ გამოცემები, რომელიც არიან, კრიტიკული მედიის პლატფორმაზე, მოქალაქეები ძალიან ბევრ გამოუძიებელ თუ კრიმინალურ ამბებს ვერ გაიგებდნენ. ვერ გაიგებდნენ, დატაცებული ქონების შესახებ, რაზეც ისინი ძალიან ბრაზდებიან. ახლაც, მაკა ანდრონიკაშვილი, მუშაობს ერთ-ერთ თემაზე, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატებთან არის დაკავშირებული და ყაჩაღობა ქვია, იმას რასაც ისინი ჩადიან ადამიანების წინაშე, იმიტომ რომ მათი ბევრი მილიონი კიდევ უფრო გაიზარდოს - ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე ყაჩაღობა ქვია იმას რასაც ისინი აკეთებენ და ამას შაბათს მოგიყვებით. რა თქმა უნდა ეს ჟურნალისტური გამოძიებები ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის, არაფერმა რომ არ გაჭრა, არც მოშე კლუგჰაპტის მეთოდებმა, არც სისხლიანი ბანერების გამოკვრამ, არც პირადმა მუქარებმა, დაიწყეს პერსონალური ანგარიშსწორება, ითხოვენ ჟურნალისტების ქონებისა და ანგარიშების დაყადაღებას. აქვე მინდა, ვკითხო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთი წელი გავიდა ბერა ივანიშვილის დაცვის წევრების მხრიდან ჩემი მისამართით განხორციელებული მუქარიდან და რა გამოიძიეთ?! - თქვა მელაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვამ "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
საქმე ეხება ბიზნესმენ ნუგზარ ალუღიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მამის სავარაუდო ბიზნეს ინტერესებზე მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლები მომხდარს პრემიერის პერსონალურ შურისძიებას უკავშირებენ. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პრემიერი ძალიან გაბრაზდა, იმ თემით, რომ სწორედ მისმა გუნდმა გამოიკვლია ღარიბაშვილის მიერ მიტაცებული, ბაკურიანი ტყის ამბავი.
" ამასაც გადავიტანთ!"- ამბიბს მელაძე ხელსიუფლების გასაგონად.