გადაცემა "ახალ კვირაში" ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობები - საზმაუს ჟურნალისტები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობები და ასევე, იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები.
„როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ვფიქრობთ, რომ მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე.
გუშინ „ახალი კვირის“ წამყვანმა იმედა დარსალიამ საჯაროდ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც გადაცემას ჰქონდა. პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ახალი კვირის“ შეჩერების ფაქტის ალტ-ინფოს განცხადებებთან რაიმე კავშირს გამოვრიცხავთ და მიგვაჩნია, რომ მედიაში ამ თემის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.
ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია. ამის მიუხედავად, გადაცემაში გავიდა არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრა იმედა დარსალიასა და გუნდის დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია არხის ვებ-გვერდზე ნახოს.
ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი.
ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას.
P.S. კოლეგებს ვთხოვთ ამ განმარტებით ისარგებლონ, რადგან ამ ეტაპზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ“, – წერენ ჟურნალისტები განცხადებაში.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, მათი მტკიცებით, არხზე არცერთი პროექტი არ დახურულა და გადაცემა "ახალი კვირა" ეთერში განახლებული ფორმატით გავა.
შეგახსენებთ, გადაცემა "ახალი კვირის" წამყვანმა, იმედა დარსალიამ განაცხადა, რომ პროექტი მას შემდეგ დაიხურა, რაც "ალტ ინფოს" მხრიდან მათზე გარკვეული მუქარები განხორციელდა.