სახელმწიფო მიწების მიტაცება და იქ აშენებული მილიონნახევრიანი ვილები - მერი უკანონობაზე თვალს ხუჭავს
არნახული მასშტაბის უკანონო მშენებლობა, რომლის დანახვაც კალაძეს ჯიუტად არ სურს - "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" ბაგების სატყეო უბანში, მდიდარი ქართველების დასახლებაში უკანონოდ აშენებულ ეზოებს მიაგნო.
დოკუმენტებით დგინდება, რომ მილიონნახევრიანი სახლების მფლობელებმა, თბილისის მერიის კუთვნილი მიწებიც მიიტაცეს, ბეტონის ღობეები ჩაასხეს, კლდეზე აუზები გადმოკიდეს და ამ აუზების ქვეშ საოჯახო სპა ცენტრებსაც იწყობენ, თუმცა ამ მასშტაბის უკანონო მშენებლობები და თან სახელმწიფო მიწაზე, თბილისის მერიამ მერიამ ვერ დაინახა.
ირკვევა, რომ დასახლების მშენებლობა, 2014 წელს დაიწყო, საარქივო სატელიტური ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ იქ სადაც, ახლა მდიდარი ქართველების საცურაო აუზები და უკანონო ნაგებობებია, ტყის მასივი იყო.
ერთ-ერთი ვინც უკანონო მშენებლობაშია მხილებული, ნინო ბაჩიაშვილია, რომელიც ამ ტერიტორიაზე 4 სართულიანი სახლის მფლობელია. მისი საკუთრებაა, 232 კვადრატული მეტრი მიწა, რომელზეც სახლი დგას, თუმცა ორი ამდენი მიტაცებული აქვს, ტერიტორია, სადაც ბაღი და აუზი ააშენა. ირკვევა, რომ მიწა, რომელზეც საკუთარი კომფორტი მოიწყო, სინამდვილეში სახელმწიფოს ეკუთვნის.
ნინო ბაჩიაშვილს, სახელმწიფო ქონების დატაცებასა და უკანონო მშენებლობას სავარაუდოდ მისი კავშირების გამო პატიობენ. ის ბიძინა ივანიშვილის ქონებების მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის დაა. გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის შეფია, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი მას საკუთარი მილიონების განკარგვას ანდობს. რჩება განცდა, რომ სახელმწიფო ქონების დატაცებაზე თვალს კახი კალაძე სწორედ ამის გამო ხუჭავს.
მეტიც, ბიძინა ივანიშვილის ქონებების მმართველის დას 4 სართულიან სახლზე მეხუთე სართულიც აქვს დაშენებული. მისი რეზიდენცია მილიონერების უბანში ერთადერთია, ვინც სახლს დამატებითი სართული დაადგა.
მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ დგინდება, რომ სახელმწიფოს კუთვნილი სატყეო ზონა უკანონოდ მიიერთა და შემოღობა ბაჩიაშვილების მეზობელმა ირაკლი ჩირაძემაც.
დგინდება, რომ მინიმუმ ექვს მილიონიანი სახლების 4-მა მფლობელმა, სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია მიიტაცეს და უკანონო მშენებლობები აწარმოეს. ბაჩიაშვილთან და ჩირაძესთან ერთად, კანონდამრღვევ მდიდრებს შორის არიან ელენე კაჭარავა და ძმები ენუქიძები. ენუქიძეები ამ კომპლექსში სამ სახლს ფლობენ. სახელმწიფოს კუთვნილი მიწის მითვისების გამო, აქ პრობლემები ამ დრომდე არავის შექმნია.
ჯამში, ჩვენს მიერ, დათვლილი მონაცემებით, ხელისუფლებასთან ახლო კავშირში მყოფი პირების ან გავლენიანი ბიზნესმენების მიერ მითვისებულია, ბაგების სატყეო უბნის 3000 კვადრატული მეტრი ტერიტორია. აქ ერთ კვადრატული მეტრი მიწის საბაზრო ფასი საშუალოს 300 დოლარია, მერიას რომ ეს მიწა აუქციონზე გაეტანა და გაეყიდა, ბიუჯეტს დაახლოებით სამი მილიონი ლარით შეავსებდა, თუმცა კალაძე ასე არ მოიქცა. მიწა ისევ მერიის საკუთრებაა, უბრალოდ იქ აუზები, სპა ცენტრები და გამწვანებული ბაღები ქართველმა მილიონერებმა ჩადგეს, რაშიც არცერთი ლარი არ გადაუხდიათ.
ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება