ვერ მიიღებთ, რომ წყნარად ჩავქრე! ნახავთ, როგორ თავაწეული კვდებიან ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი

21.02.22 16:58
ვერ მიიღებთ, რომ  წყნარად ჩავქრე!  ნახავთ, როგორ თავაწეული კვდებიან ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი

ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდნეტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ სათავეში მყოფმა  "ნაციონლაურმა მოძრაობა"  ქვეყანა გადაარჩინა და ახლა სწორედ ამისთვის ისჯება. 

თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში და თუკი ვინმე სულელს ან უსინდისოს დღეს ჰგონია, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ მე მგონი, კარგად უნდა შეხედოს უკრაინას. ჩვენ ომი კი არ დავიწყეთ, ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ და ამისთვის ვისჯები ახლა მე და მათ შორის, ამისთვის ხორციელდება პუტინის დავალებით, არსებული რეჟიმის და მაფიოზური კლანის მიერ შეგნებულად ჩემი ინვალიდიზაცია და მკვლელობა. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, თუ როგორ გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესი 7 ნოებრის საქმეს შეეხებოდა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება