სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება - საგარეო უწყება გალის ტრაგედიაზე

07.04.21 15:59
სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება - საგარეო უწყება გალის ტრაგედიაზე

გალში მომხდარ ტრაგედიას საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება. მომხდარზე პასუხისმგებლობას საგარეო უწყება რუსეთს აკისრებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის გამო. 
საქართველოს სამი მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული დისკრიმინაციული ზომების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, უკანონო დაკავებისათვის თავის არიდების მიზნით, ცდილობდა საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. 
აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას - აღნიშნული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული საქართველოს ოთხი მოქალაქიდან სამის ცხედარი იპოვეს. ცნობილია, რომ ისინი უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას გეგმავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო საქართველოს მოქალაქეებმა ზუგდიდში გადმოსვლა მდინარე ენგურის გავლით გადაწყვიტეს, თუმცა, სავარაუდოდ, მდინარე  ვერ გადმოლახეს და მდინარეში დაიხრჩვნენ.