ნიკა მელიას საქმე - ოპოზიცია მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია

08.04.21 11:50
ნიკა მელიას საქმე - ოპოზიცია მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია

ოპოზიცია სასამართლოს მხრიდან მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და ამიტომ სასამართლოს ვერდიქტიც რეალურად „ქართული ოცნების“ მიერ იქნება გამოტანილი. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის, თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, პოლიტიკური დევნის საკითხი დღის წესრიგში მაინც დარჩება. 

ქვეყანაში, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. პოლიტიკურ დაკვეთას, რასაც მიიღებს მოსამართლე, სავარაუდოდ, იმას შეასრულებს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მელიას გამოშვებასთან დაკავშირებით, რჩება დღის წესრიგში პოლიტიკური დევნის საკითხი, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციონერი ლიდერის შესაძლო გათავისუფლებას „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, დადებით მოვლენად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ  მხოლოდ პოლიპატიმრების გათავისუფლება არ არის საკმარისი. მისი თქმით, სისტემური ცვლილება საჭირო, რათა მსგავსი უკანონობა ქვეყანაში აღარ ხდებოდეს. 

ეს მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მოახდენს გავლენას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ სახელმწიფოს სჭირდება არა მხოლოდ გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამინების, არამედ სისტემური ცვლილებები, რომ არასდროს აღარ ისხდნენ ადამინები ციხეში კანონის ბოროტად გამოყენებით, - ამბობს  ნაცვლიშვილი.

ოპოზიციის განცხადებით, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა  მიიღოს სასამართლომ, მათი გეგმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აღარ შეიცვლება.

დატოვებს თუ არა ნიკა მელიას საპატიმროს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.