,,ალტ ინფოს" მაუწყებლობა შესაძლოა, აიკრძალოს
,,ალტ ინფოს" მაუწყებლობა შესაძლოა, აიკრძალოს. ამ წუთებში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მსჯელობს, დაიწყებს თუ არა პრორუსული მედიასაშუალების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შესწავლას. კომისიას შესაბამისი საჩივრით ,,საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" მიმართა.
წერილში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ,,ალტ ინფო" უკვე მრავალი თვეა, სულ უფრო აქტიურად ახდენს პუტინის პოლიტიკის პროპაგანდას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კი, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ამართლებენ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, მშვიდობიანი უკრაინელების უმოწყალო ხოცვას და გულშემატკივრობენ რუსეთს, როდის დაამყარებს კონტროლს უკრაინის მართვაზე.
ძალადობრივი მედიასაშუალება რუსეთის შეჭრას უკრაინაში იმით ხსნის, რომ კიევმა პროდასავლური კურსი აირჩია და თუ საქართველოც არ გადახედავს საგარეო კურსს, იგივე მოელის. ამ უკიდურესად მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების გავრცელებაში ,,ალტ ინფოსთან" ერთად აქტიურად მონაწილეობს მათი პარტია - ,,კონსერვატიული მოძრაობა". რომლის გაუქმებაზეც ცალკე საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება.
მივმართეთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, დაწესდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ,,ალტ ინფოს" მიმართ. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი კრძალავს დანაშაულის მოწონებას, მის დადებით კონტექსტში წარმოჩენას.
,,ალტ ინფო" მთელი მისი ნარატივით ამართლებს უკრაინაში რუსების მიერ მოწყობილ კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
აიკრძალება თუ არა ,,ალტ ინფოს" საქმიანობა, რამოდენიმე საათში გახდება ცნობილი.