თავდასხმა მედიაზე და ოპოზიციის შეურაცხყოფა - "უცნობის" აქციის გზავნილები

09.04.21 15:33
თავდასხმა მედიაზე და ოპოზიციის შეურაცხყოფა - "უცნობის" აქციის გზავნილები

თავდასხმა მედიაზე, ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გზავნილები ოპოზიციის წინააღმდეგ და რუსთაველზე კარვების აშლის მოთხოვნა - ეს არის „უცნობის“ აქციის მთავარი გზავნილები. აქციის მონაწილეები „ტვ პირველისა“ და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოდიან და ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით დასდევენ. ადგილზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. რამდენიმე ჟურნალისტს ხელითაც შეეხნენ. 

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები დედა ენის ბაღში იმყოფებიან, სადაც გია გაჩეჩილაძემ ე.წ. „ღირსების აქტს“ მოაწერა ხელი და და მოქალაქეებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა.  სპეციალურ ბანერზე ხელმოწერებით აქციის მონაწილეებმა  ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა გააპროტესტეს. ამავე შინაარსის განცხადებები ისმოდა სპეციალურად დამონტაჟებული ტრიბუნიდანაც. გია გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ კარვების ქალაქი აღარ უნდა არსებობდეს, რადგან ეს არის პოლიტიკური ნაგავი, რომლისგანაც ქვეყანა უნდა გაიწმინდოს. 


„უცნობმა“ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ საქართველო ისინი არიან. 


ეს ჩვენ ვართ საქართველო, ეს ჩვენ ვართ სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება, - განაცხადა გაჩეჩილაძემ ტრიბუნიდან. 


საჯარო მოხელეები, სტუდენტური თვითმმარველობის წარმომადგენელები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ევროპის მოედანზე თავდაპირველად ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ საპატრიაქროსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქის მიმართ პატივისცემა გამოხატეს, ამის შემდეგ კი ისინი დედა ენის ბაღში მივიდნენ.